About us

“იხარე, ბერწო, ვისაც არასდროს არ გიშობია, შემოსძახე სიმღერა და იმხიარულე, უტანჯველო მშობიარობით, რადგან მარტოხელას ძენი მეტნი იქნებიან, ვიდრე ქმრიანის ძენი,” - ამბობს უფალი.


ესაია თავი 54

1
“იხარე, ბერწო, ვისაც არასდროს არ გიშობია, შემოსძახე სიმღერა და იმხიარულე, უტანჯველო მშობიარობით, რადგან მარტოხელას ძენი მეტნი იქნებიან, ვიდრე ქმრიანის ძენი,” - ამბობს უფალი. -

2
“გააფართოვე ადგილი შენი კარვისა და ფარდები შენი საცხოვრებლისა დაჭიმე; ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი საბელები და შენი პალოები გაამაგრე,

3
რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი და შენი თესლი ხალხებს დაიპყრობს. და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებს.

4
ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები და არ გაწბილდები, რადგან აღარ შეგრცხვება, რადგან სიყმაწვილის სირცხვილს დაივიწყებ და შენი ქვრივობის უპატიობას აღარ გაიხსენებ.

5
რადგან შენი ქმარი შენი შემქმნელია, უფალი ცაბაოთია მისი სახელი. და შენი მხსნელი - ისრაელის წმიდა - მთელი ქვეყნის ღმერთად იწოდება.

6
რადგან როგორც ქალი, მიტოვებული და სულმწუხარე, მოგიხმო შენ უფალმა, და როგორც სიყმაწვილის ცოლი, რომელიც მოძულებული იყო!” - ამბობს შენი ღმერთი. -

7
“წამიერად დაგტოვე და დიდი მოწყალებით შეგკრებ შენ.

8
რისხვის გზნებაში დაგიმალე წამიერად ჩემი სახე და საუკუნო წყალობით შეგიწყალებ!” - ამბობს შენი მხსნელი უფალი. -

9
“რადგან ეს ჩემთვის ნოეს წყლებივით არის: როგორც დავიფიცე, რომ ნოეს წყლები აღარ გადაუვლიან მეტად დედამიწას, ისე დავიფიცე მე, არ განვრისხდე შენზე და არ გაგკიცხო.

10
რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება შენგან და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა,” - ამბობს შენი მწყალობელი უფალი.

11
“წამებულო, ღელვილო, უნუგეშებელო! აჰა, მე დავაწყობ შენს ქვებად ანთრაკს და შენი საფუძვლები საფირონი იქნება.

12
გავაკეთებ ბადახშით შენს ქონგურებს და შენს ჭიშკრებს - ლალის ქვებით, და შენს ყველა ზღუდეს - ძვირფასი ქვებით.

13
შენი ყველა ძე უფლის განსწავლული იქნება და დიდი იქნება შენს ძეთა მშვიდობა.

14
სიმართლით დაფუძნდები, შორს იქნები ჩაგვრისაგან, რადგან არ შეგეშინდება და ძრწოლისაგან, რადგან არ მოგიახლოვდება.

15
აჰა, თავს დაგესხმის, არა ჩემგან, ვინც შენ შეგებრძოლება, შენს წინ დაეცემა.

16
მე გავაჩინე მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლში ნახშირს და გამოჰყავს იარაღი თავისი საქმისათვის; მე გავაჩინე დამანგრეველი დასაღუპავად.

17
ყოველი იარაღი, დამზადებული შენს წინააღმდეგ, გაცუდდება; და ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარდგება სამსჯავროზე, შენ დაადანაშაულებ. ეს არის ხვედრი უფლის მსახურთა და მათი გამართლება ჩემგან არის!” - ამბობს უფალი.


d