About us

სწორი სასწორი, სწორი საწონი, სწორი ეფა და სწორი ჰინი გქონდეთ თქვენ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.


ლევიანნი თავი 19

1
და უთხრა უფალმა მოსეს:

2
“ელაპარაკე ისრაელის ძეთა მთელ თემს და უთხარი მათ: ‘წმიდა იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, ღმერთი თქვენი.

3
“‘თითოეულს ეშინოდეს თავისი დედისა და თავისი მამისა, და ჩემი შაბათები დაიცავით. მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი.

4
“‘ნუ მიმართავთ კერპებს და ჩამოსხმულ ღმერთებს ნუ გაიკეთებთ თქვენთვის. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

5
“‘და როცა შესწირავთ სამშვიდობო მსხვერპლს უფალს, ისე შესწირეთ, რომ წყალობა მიიღოთ.

6
თქვენი მსხვერპლშეწირვის დღეს და მეორე დღეს შეიჭამოს იგი, ხოლო ნარჩენი მესამე დღემდე ცეცხლში დაიწვას.

7
და თუ შეიჭმება მესამე დღეს, საძაგლობა იქნება და არ მიიღება.

8
მისი მჭამელი თავის ბრალს დაიდებს, რადგან უფლის სიწმიდე შებღალა. და უნდა მოიკვეთოს ის კაცი თავისი ხალხიდან.

9
“‘და როცა მომკით სამკალს თქვენი მიწისა, არ მოასრულო სამკალი თქვენი ყანის კიდემდე და მკის დროს ჩაბნეულს ნუ აკრეფთ.

10
და თქვენს ვენახს ნუ მოიმცვრევთ, და ვენახში დარჩენილ მარცვლებს ნუ აკრეფთ: ღარიბისა და ხიზნისათვის დატოვეთ ისინი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

11
“‘არ მოიპაროთ, არ იცრუოთ და არ მოატყუოთ ერთიმეორე.

12
“‘არ დაიფიცოთ ჩემი სახელი ტყუილზე, და არ შებღალოთ სახელი თქვენი ღმერთისა. მე ვარ უფალი.

13
“‘არ ავნო შენს მოყვასს და არც არა მოსტაცო, და არ გაათევინო ღამე შენთან მოჯამაგირის შრომის გასამრჯელოს განთიადამდე.

14
“‘არ დასწყევლო ყრუ და ბრმის წინაშე არ დადო დაბრკოლება, არამედ გეშინოდეს შენი ღმერთისა. მე ვარ უფალი.

15
“‘არა ქმნა უსამართლობა სასამართლოში, არ იყო პირმოთნე გლახაკის მიმართ და არ მიეპირფერო ძლიერს: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.

16
“‘არ გაავრცელო ჭორი შენს ხალხში, არ აღუდგე შენი მოყვასის სისხლს. მე ვარ უფალი.

17
“‘არ გძულდეს შენი ძმა შენს გულში. მხილებით ამხილე მოყვასი შენი და არ დაგეკისრება ცოდვა მის გამო.

18
“‘არ იძიო შური და არ იღვარძლო შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

19
“‘ჩემი წესები დაიცავით. საქონელი შენი არ შეაუღლო სხვა გვარს; და შენს მინდორზე არ დათესო ორი სხვადასხვა ჯიშის თესლი; და არ ჩაიცვა სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი.

20
“‘თუ ვინმე დაწვეს ქალთან თესლისდენისთვის და იყოს იგი მხევალი, კაცის დანიშნული, მაგრამ არ იყოს გამოსყიდული, ან თავისუფლება არ ჰქონდეს მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაედოს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან იგი არაა თავისუფალი.

21
და მიიტანოს მან თავისი დანაშაულის მსხვერპლი უფლისათვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის მსხვერპლად.

22
და შეუნდობს მას მღვდელი დანაშაულს ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა.

23
“‘და როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რომელიმე მსხმოიარე ხეს, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთლად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთლად, არ უნდა იჭამოს.

24
მეოთხე წელს იყოს ყოველი მისი ნაყოფი ნაკურთხი უფლის სადიდებლად.

25
მეხუთე წელს ჭამეთ თქვენ მისი ნაყოფი, რათა შეიძინოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

26
“‘არ ჭამოთ სისხლიანად, არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ,

27
“‘არ შეიკრიჭოთ თმის კიდე თავის ირგვლივ და არ წაახდინო კიდე შენი წვერისა.

28
“‘არ დაიკაწროთ მკვდრისთვის თქვენი სხეული და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი.

29
“‘ნუ წაბილწავ შენს ასულს როსკიპობით, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აღივსოს მრუშობით.

30
“‘ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საკურთხევლის გეშინოდეთ. მე ვარ უფალი.

31
“‘ნუ მიმართავთ მესულთანეებს და ჯადოსნებს, ნუ ცდილობთ გაუწმიდურებას მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

32
“‘ჭაღარის წინაშე წამოდექი და პატივი ეცი მოხუცებულის სახეს, და გეშინოდეს შენი ღმერთისა. მე ვარ უფალი.

33
“‘როცა შემოგეხიზნებათ ხიზანი თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროვოთ იგი.

34
როგორც მკვიდრი თქვენს შორის, ისე იყოს თქვენთან ხიზანი და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

35
“‘არა ქმნათ უსამართლობა სამართალში, ზომა-წონაში და საწყაოში.

36
სწორი სასწორი, სწორი საწონი, სწორი ეფა და სწორი ჰინი გქონდეთ თქვენ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.

37
“‘დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი. მე ვარ უფალი.’”


d