About us

თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე?


იობი თავი 38

1
მაშინ მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:

2
“ვინ არის ეს, უგუნური სიტყვებით განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის?

3
წელი შემოისარტყლე კაცურად, მე შეგეკითხები და შენ პასუხი გამეცი:

4
შენ სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება,

5
ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი?

6
რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,

7
როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ?

8
ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭეები, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან?

9
როცა ღრუბელი მივეცი სამოსლად და წყვდიადი - სახვევებად?

10
როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი?

11
და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები?’

12
შენს დღეში თუ გიბრძანებია დილისათვის და გიუწყებია ცისკრისთვის მისი ადგილი,

13
რომ მოეცვა ქვეყნის კიდეები და უკეთურნი განეფერთხა მისგან?

14
იგი იცვლება, როგორც თიხა საბეჭდავის ქვეშ, და ისინი დგანან, როგორც სამოსელი.

15
და წაერთმევათ უკეთურთ მათი ნათელი, და შემართული მკლავი შეიმუსრება.

16
თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე?

17
თუ გახსნილან შენს წინაშე სიკვდილის ბჭენი, და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს?

18
თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?

19
სად არის გზა ნათლის სავანისა? და სად არის წყვდიადის ადგილი?

20
რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს.

21
შენ იცი, რადგან მაშინ დაიბადე, და დიდია რიცხვი შენი დღეებისა!

22
თუ შესულხარ თოვლის საგანძურებში, და სეტყვის საგანძურები თუ გიხილავს,

23
ძნელბედობისთვის რომ მოვიმარაგე, ბრძოლისა და ომის დღისათვის?

24
რა გზით ნაწილდება ნათელი, და როგორ ვრცელდება აღმოსავლის ქარი მიწაზე?

25
ვინ გახსნა სადინარი ნიაღვრისათვის და გზა - ჭექა-ქუხილთათვის,

26
რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე და უდაბნოში, სადაც ადამიანის ჭაჭანება არ არის?

27
რათა გააძღოს უდაბური და ხრიოკი და აღმოაცენოს მწვანე ჯეჯილი.

28
თუ ჰყავს წვიმას მამა? ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?

29
და ყინული ვისი საშოდან გამოვიდა? და ციური ჭირხლი ვინ დაბადა?

30
წყალი ქვასავით იყინება, და იკვრის უფსკრულის ზედაპირი.

31
თუ შეკრავ ხომლის საკვრელებს ან ორიონის საბელებს თუ გახსნი?

32
თუ ამოიყვან თანავარსკვლავედს თავის დროზე, და თუ წარუძღვები დათვს თავის ბელებთან ერთად?

33
თუ იცი ცათა კანონები? ან თუ დაადგენ მის წესს მიწაზე?

34
ღრუბელს თუ მიუწვდენ ხმას, რათა წყლის თქეშმა დაგფაროს?

35
ელვებს თუ წარავლენ, რომ წავიდნენ და გითხრან: ‘აქა ვართ?’

36
ვინ ჩადო გულში სიბრძნე? და ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა?

37
ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით, და ვინ წამოაქცევს ცის რუმბებს,

38
როცა მტვერი შენივთდება და გოროხები ერთმანეთს ეწებება?

39
ნუთუ შენ უნადირებ ლომს მსხვერპლს, და შიმშილს უკლავ ლომის ბოკვერებს,

40
როცა ბუნაგებში გაწოლილან ან წვანან თავიანთ საფარში?

41
საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან, და უსაზრდოოდ დაძრწიან?”


d