About us

მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდებს. მისი ძალა მის ღმერთშია!


აბაკუმი თავი 1

1
განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა:

2
როდემდის უნდა შემოგთხოვდე შველას, უფალო, და შენ არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველოდე?

3
რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი.

4
ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი. რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს, ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი.

5
შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებდით.

6
რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, – სასტიკსა და ფიცხელ ხალხს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით.

7
საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი.

8
ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი. დაჯირითობენ მისი მხედრები, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული ორბებივით.

9
ერთიანად მოდის დასარბევად, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს.

10
ამასხრებს მეფეებს და მთავრებს სასაცილოდ იგდებს. დასცინის ყოველ ციხესიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად.

11
მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდებს. მისი ძალა მის ღმერთშია!

12
განა უკუნისიდან არა ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი! საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული!

13
სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა უკეთური ყლაპავს მართალს?

14
ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით.

15
ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს.

16
ამიტომ სწირავს მსხვერპლს თავის სათხეველს და უკმევს თავის ბადეს, რადგან მათგან აქვს მსუყე კერძი და ნოყიერი საჭმელი.

17
ნუთუ ამისთვის უნდა ისროდეს თავის ბადეს და უწყალოდ ხოცავდეს ხალხებს გამუდმებით?


d