About us

მაიკლ ვაიტეკერ სმითი


სახელი და გვარი: მაიკლ ვაიტეკერ სმითი (Michael W. Smith)

მოღვაწეობა: ქრისტიანი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი

დაბადების ადგილი: კენოვა, დასავლეთ ვირჯინია, აშშ

დაბადების თარიღი: 07/10/1957

მაიკლ ვაიტეკერ სმითი დაიბადა 1957 წლის 7 ოქტომბერს პოლ და ბარბარა სმითების ოჯახში, დასავლეთ ვირჯინიის ქალაქ კენოვაში. მამამისი, პოლ სმითი, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში მუშაობდა, ხოლო დედა− პროდუქტების მიმწოდებელი და ეკლესიის მდივანი გახლდათ. მაიკლს ჰყავს ერთი და − კიმი.

ბავშვობიდან მაიკლი აქტიურად მონაწილეობდა ეკლესიის საქმიანობაში, ასევე, თამაშობდა ბეისბოლს, უკრავდა პიანინოზე. პირველი სიმღერა ხუთი წლის ასაკში დაწერა, ხოლო, როდესაც ათი წლის იყო, გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება უფალ იესო ქრისტესთვის ჩაებარებინა. თავდაპირველად, მაიკლს სურდა პროფესიონალი ბეისბოლისტი გამხდარიყო. სიყმაწვილის წლებში მაიკლი და მისი მეგობარი მორწმუნეები ხშირად იკრიბებოდნენ, რათა ერთად დაეკრათ მუსიკა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯგუფი დაიშალა.

მაიკლი ერთი სემესტრის განმავლობაში ესწრებოდა ლექციებს დასავლეთ ვირჯინიაში არსებულ მარშალის უნივერსიტეტში, მაგრამ შემდეგ იქ სწავლას თავი დაანება და ნეშვილში გადავიდა საცხოვრებლად მუსიკაში წინსვლის მიზნითა და ოცნებებით. ის ადგილობრივ მუსიკალურ ჯგუფებთან ერთად უკრავდა, მაგრამ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მიეძალა მას შემდეგ, რაც ვერ მოახერხა ხმის ჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტის გაფორმება, 1979 წლის ოქტომბერში მას ნერვული აშლილობა დაემართა, თუმცა ამან დიდხანს არ გასტანა, მან ისევ სწორი გეზი აირჩია და რწმენაში განახლდა.

ნარკოტიკებისგან ხსნას მაიკლ სმითი მხოლოდ და მხოლოდ უფალს მიაწერს.
„ჩემს სამზარეულოში ლინოლიუმზე ვიწექი. მაკანაკალებდა, ბავშვივით ვტიროდი. ღმერთს ვუხმობდი და პატიებას ვთხოვდი… ამის შემდეგ სხვანაირი გავხდი. ყველაფერი შეიცვალა“
მეორე დღესვე მან გაიარა მოსმენები ახალ ქრისტიანულ ჯგუფში “Higher Ground“ და გახდა მისი წევრი. პირველსავე გასტროლებზე მან საბოლოოდ თქვა უარი მავნე ჩვევებზე.

ამასობაში ხელი მოაწერა თავის პირველ კონტრაქტს Paragon/Benson Publishing Company-სთან. ამ კონტაქტის თანახმად, მაიკლს თავად უნდა დაეწერა სიმღერები. დღეში თექვსმეტი საათის განმავლობაში სიმღერების წერა მისთვის სულაც არ იყო დამთრგუნველი, პირიქით, ეს მისი საყვარელი საქმიანობა გახლდათ.

ამ დროს, 1981 წელს, შეხვდა მაიკლი თავის მომავალ მეუღლეს, დების. ამონარიდი მაიკლ სმითის წიგნიდან „სიმამაცის დროა:“

… ერთხელ შუადღისას, ოფისში მუშაობისას, დებორა ქეი დევისმა ჩაიარა გვერდით. მეგონა, ის იყო ყველაზე მშვენიერი ქალი, ვინც კი ოდესმე მენახა. მისი დანახვისას ისეთი ელდა მეცა, გონს მოსვლას ვერ ვახერხებდი. თავიდან ფეხებამდე მისი სიყვარულით განვიმსჭვალე. უნებურად ავიღე ტელეფონის ყურმილი და დედაჩემს დავურეკე. ‘დედა, ვერ ვიჯერებ. შენც ვერ დაიჯერებ, დე. ახლა დავინახე გოგონა, ვის მოყვანასაც ვაპირებ ცოლად’ ‘რა ჰქვია?’ ‘არ ვიცი, დედა. ჯერ არ შევხვედრივარ, მაგრამ შევხვდები. გავიგებ და გადმოგირეკავ.საწყალი დედაჩემი! იფიქრებდა, რომ ჭკუა დავკარგე, მაგრამ ასეთ საღ გონებაზე მანამ არასოდეს ვყოფილვარ ცხოვრებაში. ოფისიდან გავედი, რომ ის გოგონა მომეძებნა სასაქონლო საწყობში. შერლოკ ჰოლმსსაც კი შეშურდებოდა ჩემი გულმოდგინება. საბოლოოდ, ქალთა საპირფარეშოს წინ აღმოვჩნდი, ველოდი, როდის გამოვიდოდა იქიდან. ის გამოვიდა და მე ჩემი თავი წარვუდგინე. ჩვენ სამკვირანახევარში დავინიშნეთ და ნიშნობიდან ოთხ თვეში დავქორწინდით!“

მაიკლის კარიერაში კიდევ ერთი პაუზა დადგა მას შემდეგ, რაც მას სთხოვეს, დაეკრა პიანინოზე ახალგაზრდა ემი გრანტის (Amy Grant) ჯგუფში. მან ტურნეები გამართა. ემის მენეჯერებმა, მაიკ ბლანტონმა და დენ ჰარელმა მაიკლში დიდი პოტენციალი დაინახეს (ასევე, მეორე ნიჭიერ ახალგაზრდაში, კესი ტროკოლიში) მაგრამ მათ ვერ მოახერხეს ხმის ჩამწერი კომპანიის პოვნა, რომელის მათთან კონტრაქტს გააფორმებდა. ერთი კარის დახშობა მეორე კარის გაღების საწინდარი აღმოჩნდა. შედეგად, მათ Reunion Records დაარსეს. 1983 წელს მაიკლმა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი სახელწოდებით The Michael W. Smith Project. ამ პროექტისთვის ტექსტები მაიკლის მეუღლემ, დებიმ, დაწერა. ეს ალბომი წარდგენილ იქნა გრემის დაჯილდოებაზე გოსფელის ჟანრის საუკეთესო შესრულებისთვის. მაიკლის საფირმო სიმღერისFriends დებიუტი სწორედ მის პირველ ალბომში შედგა.

მაიკლი კვლავ დაბრუნდა ემის ჯგუფში (Amy Grant) და განაგრძო მასთან ერთად ტურნეების მოწყობა.

1984 წელს, მაიკლმა გამოუშვა მეორე ალბომი −Michael W. Smith 2. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მან კიდევ რამდენიმე ალბომი და ორი ვიდეო-კონცერტი გამოუშვა − Michael W. Smith Live In Concert და The Big Picture Tour. მუსიკის სტილი ახლა უფრო მეტად მიმართული იყო როკის მოყვარულ ახალგაზრდა მსმენელთა მიმართ. ზოგიერთი სიმღერა საერო ტექსტის მქონე იყო, რამაც მაიკლს ძირითად მუსიკალურ არენაზე გასვლის საშუალება მისცა.

1991 წელს, Reunion Records-მა თავისი ალბომების გავრცელების უფლება მისცა Geffen Records-ს პოპის მსმენელთა შორის პოპულარობის მოსაპოვებლად. თაყვანისმცემელთა მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა იყო, რაკი სმითი ცდილობდა საერო მუსიკის სფეროში ადგილის დამკვიდრებას, მაგრამ მაიკლს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ხმა მიეწვდინა, თავისი სათქმელი ეთქვა უფრო ფართო აუდიტორიისათვის და დახმარებოდა ახალგაზრდებს მათ ცხოვრებაში არსებული მრავალი რთული საკითხის მოგვარებაში.

1990-იან წლებში კიდევ უფრო მეტი ალბომი და ასევე, კიდევ ერთი ვიდეო-კონცერტი Change Your World Live გამოვიდა, ასევე, ვიდეო-სინგლები და რამდენიმე წიგნი.

1992 წელს მაიკლს მუსიკის საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა დასავლეთ ვირჯინიაში, ფილიპში, არსებულმა ალდერსონ-ბროდასის კოლეჯმა.

1994 წელს მაიკლ სმითმა დააარსა Rocketown, კლუბი ყმაწვილთათვის, ტენესის შტატში, ბრენტვუდში, სადაც თინეიჯერებს საშუალება ჰქონდათ შეკრებილიყვნენ უსაფრთხო, დადებით და გამამხნევებელ გარემოში. კლუბი რამდენი წლის შემდეგ დაიხურა. Rocketown-ის კლუბი განახლდა 2003 წელს, ნეშვილში.

1996 წელს, მაიკლა Reunion Records-ს აღმასრულებელ დირექტორთან დონ დონაჰუსთან ერთად დააარსა Rocketown Records-ი. პირველი, ვინც მათთან სიმღერები ჩაწერა იყო ქრის რაისი, მას მოჰყვნენ ჯინი ოუენსი, შონ გროვსი, ვაიენ კირკპატრიკი და უოთერმარკი.

1999 წელს მაიკლი მიიწვიეს კოლუმბაინის სკოლაში მომხდარი სროლის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გამართულ ღვთისმსახურებაზე კოლორადოს ქალაქ ლიტლტონში. კოლუმბაინის სკოლაში მომხდარმა ტრაგედიამ შთააგონა მომღერალს მომდევნო ალბომი This Is Your Time (შენი დროა), რომელიც დაფუძნებულია კესი ბერნალის ამბავზე. აი, რას ამბობს თავად მაიკლი ამის შესახებ:

მე წავედი ლიტლტონში (კოლორადო), რომ მემღერა Friends კოლუმბაინის სკოლაში მომხდარი სროლის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გამართულ ღვთისმსახურებაზე და ამ დღემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იმდენად იყო გადავსებული ემოციებით ეს დღე, რომ უნდა როგორმე გზა მიმეცა ამ გრძნობებისთვის და ამიტომაც, კვლავ მუსიკის წერას შევუდექი. კესი ბერნალის ოჯახთან შეხვედრამ კიდევ უფრო მეტად გააღრმავა ჩემი შთაგონება. კესიმ განაცხადა, რომ სწამდა ღმერთის და ის ამიტომაც მოკლეს. მე დავწერე სიმღერა, სახელწოდებით This Is Your Time, რომელიც მოგვიწოდებს თითოეულ ჩვენგანს, კესის ცხოვრების შემხედვარეთ, რომ დროა ფეხზე დავდგეთ და ვიცხოვროთ ღმერთისთვის გაბედულად და არ შეგვრცხვეს ჩვენი რწმენის.“

ასევე 1999 წელს, მაიკლმა და მისმა მეუღლემ ხელი შეუწყვეს ახალი ეკლესიის New River Fellowship Church დაარსებას. მაიკლის ხუცესმა და მენტორმა დონ ფინტომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკლესიის ხელმძღვანელობის დადგენის საქმეში.

2000 წელს მაიკლმა გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Freedom. ეს ინსტრუმენტალური ალბომი ჩაწერილ იქნა ირლანდიაში, ირლანდიურ Film Orchestra-სთან ერთად, მასში ჩართულია კლასიკური პიანინოს აკომპანენტიც.

2001 წელს მაიკლმა შექმნა თავისი მომდევნო ალბომი Worship, რომელმაც დიდი წარმატება ჰპოვა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. შემდეგი ალბომი Worship Again და ამ ალბომის ვიდეო-ვარიანტი Worship-The Video გამოვიდა მომდევნო წელს.

2002 წელს მაიკლმა შექმნა საუნდტრეკი კინო-ფილმისთვის ჯოშუა (Joshua). მაიკლის განახლებული ვებ-გვერდი Friends Online ასევე 2002 წლის შემოდგომით გავიდა ინტერნეტ-სივრცეში.

2003 წელს მაიკლმა თავის მიღწევათა სფერო გააფართოვა და გამოუშვა The Gospels Come to Life, რაც გახლავთ მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებათა აუდიო-ჩანაწერი. ამ აუდიო-წიგნს ფონად გასდევს მაიკლ სმითის შთაგონებით მაიკლ ომარტიანის მიერ დაწერილი მუსიკა.

მაიკლს კარიერის მანძილზე გაყიდული აქვს 13 მილიონ ალბომზე მეტი. მისმა 14-მა ალბომმა მიიღო „ოქროს ალბომის“ სტატუსი, 5-მა კი „პლატინის“. ჟურნალ „People“-ის ვერსიით, შესულია დედამიწის ულამაზესი ადამიანების სიაში.

თუმცა თავად მაიკლ სმითი საკუთარ წარმატებას ფრთხილად უყურებს:
„როდესაც დილით ვიღვიძებ არ ვფიქრობ – მე წარმატებული მუსიკალური კარიერა გავიკეთე! შემიძლია სიმღერები ჩავწერო! ყველაზე მეტად მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა. ვგიჟდები ახალგაზრდებისთვის რაღაცეების მოყოლაზე, ხანდახან კუთხეში მდგომ პატარა ბავშვებთან სიცილიც მიყვარს… მიყვარს ასე დროის გატარება. შემდეგ შემიძლია სრულიად ახალი სიმღერა ჩავწერო!“

“ვიცი, რა არის ნამდვილი წარმატება. ვიცი, რომ სულის სიმშვიდეს ვერ მიაღწევ მილიონი ალბომის გაყიდვით. ყველაფერი მატერიალური ეფემერულია…

სულიერ სიმშვიდეს მგვრის იმის გააზრება ვინ ვარ მე – სამყაროს მბრძანებლის ერთი უბრალო შვილი“…

თავისი კარიერის მანძილზე, რომელიც ოც წელზე მეტს ითვლის, მაიკლს ჰქონდა შესაძლებლობა მრავალ ადგილზე ემღერა უფლისთვის… მაგრამ მას ჯერ ბოლომდე არ უთქვამს თავისი სათქმელი და ამიტომაც, კვლავ აგრძელებს მოღვაწეობას.


d